ციტრუსოვანი კულტურები
ციტრუსოვანი კულტურები — მარადმწვანე მცენარეთა დიდი ჯგუფი ციტრუსების გვარისა, ტეგანისებრთა ოჯახისა. გვარში 39 სახეობა და სახესხვაობაა. მოჰყავთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (ფართობი აღწევს 1200 ათას ჰა-ს). სამრეწველო წარმოების მხრივ ციტრუსოვანი კულტურებიდან პირველ ადგილზეა ფორთოხალი, შემდეგ გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ლაიმი და სხვა. ხილის მსოფლიო მოხმარების ბალანსი ციტრუსოვანი კულტურები დაახლოებით 30 % უკავია. მათი ნაყოფი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, აქვს დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა, შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, C (60 მგ%-ზე მეტს), P, B ჯგუფის ვიტამინებს, ჰექტინს და სხვა შემცველობებს. ნაყოფს იყენებენ ნედლად (ხილად), გადამუშავებული სახით (წვენი, მურაბა, ცუკატი, ლიქიორი) და კულინარიაში. კანისაგან, ყვავილისა და ფოთლისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს საპარფიუმერიო და კვების მრეწველობისათვის.
ციტრუსოვანი კულტურების უმეტეს სახეობათა სამშობლოა ინდოეთი, ჩინეთი და ინდოჩინეთი. ამჟამად ველური სახეობები არ გვხვდება. კულტურული ფორმებისა და სახეობების ფორმირება ისტორიულად მიმდინარეობდა ტროპიკებისა და სუბტროპიკულ პირობებში. ციტრუსოვანი კულტურები ევროპაში ცნობილი იყო XIII საუკუნეზე ადრე.
ყველა სახეობის ციტრუსოვანი კულტურების ღეროზე აქვს სხვადასხვა დონეზე განვითარებული მარტოული ეკლები; მკვრივი, მუქი მწვანე, კვერცხისებრიდან მოგრძო ლანცეტისებრამდე ფორმის ფოთოლი, ფოთლის იღლიაში ცალკეულად განლაგებული ყვავილები, რომლებიც ზოგჯერ შეკრებილია პატარა ყვავილედებად. ყვავილედი თეთრია (ლიმონისა და ციტრონის — მოვარდისფრო), არომატული, ორსქესისანი. ნასკვი — მრავალბუდიანი კენკრა. ნაყოფის ფორმა ძლიერ ცვალებადია როგორც სახეობის, ასევე ჯიშის ფარგლებში. თესლი ბევრია (32-მდე და მეტი). ზოგ სახეობას (მანდარინი უნშიუ, ფორთოხალი ვაშინგტონ-ნაველი და სხვა) თესლის ჩანასახი უჩნდება დამტვერვის გარეშე — პართენოკარპულად.
ციტრუსოვანი კულტურებს დიდი ფართობი უკავია აშშ-ში, ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში, იაპონიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ავსტრალიაში, აფრიკის და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ყოფილ სსრკ-ში ციტრუსოვანი კულტურების ფართობი 28 ათასს ჰა შეადგენდა (1985). მსოფლიოში ციტრუსების წარმოება 1985-2005 წლებში სწრაფად გაიზარდა. 2005 წელს მან რეკორდულ მაჩვენებელს, 113 მილიონ ტონას მიაღწია. ყველა სახის ციტრუსების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩინეთი (მანდარინი და ფორთოხალი), შემდეგ მექსიკა (ფორთოხალი და ლაიმი), ესპანეთი (ფორთოხალი, კლემენტინი, ლიმონი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (ფორთოხალი და ლიმონი), არგენტინა (ლიმონი და ფორთოხალი), ავსტრალია (ფორთოხალი და ლიმონი) და ჩილე (ფორთოხალი და ლიმონი).
ციტრუსოვანი კულტურები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ციტრუსოვანი კულტურები ცნობილია XII საუკუნიდან. პირველად მისი ინტროდუქცია მოხდა XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში. ყოფილ სსრკ-ში ციტრუსოვანი კულტურები ნარგაობათა 90 %-ზე მეტი მოდიოდა დასავლეთ საქართველოზე, სადაც ღია გრუნტის პირობებში მოჰყავდათ მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიოფრუტი და სხვა. ციტრუსების გავრცელებისა და ახალი ჯიშების გამოყენებისათვის ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას ეწევიან ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც დაამუშავეს ციტრუსოვანი კულტურების ნარგაობათა მოვლა-პატრონობისა და აგროტექნიკური პროგრამის ღონისძიებანი. საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ლანჩხუთი, ვანი, გურჯაანი, ლაგოდეხი და სხვა) ლიმონის უხვ მოსავალს იღებენ მარტივი ტიპის ლიმონარიუმებში. მაგ., ლანჩხუთის რაიონის სოფ. სუფსაში ძირიდან 50 %-მდე მაყოფი იკრიფება (ბ. სარჯველაძე). მიღებულია უხვმსმოიარე და საადრეო ნაგალა მანდარინის ჯიშები, ყინვა- და მალსეკოგამძლე ლიმონი „დიოსკურია“ (ფ. მამფორია და სხვა) ჭიპიანი ფორთოხალი; შემუშავებულია სტანდარტული ნერგების პოლიეთილენის პარკებში მიღების აგროტექნიკა. ციტრუსოვანი კულტურების გაშენება დაიწყეს აზერბაიჯანში ლენქორანის რაიონში, სადაც მოჰყავთ მანდარინი. მცირე ფართობი უჭირავს ამ კულტურებს სოჭის რაიონშიც. ლიმონის წარმოების დარგში დიდი მუშაობა ჩატარდა ტაჯიკეთში, სადაც ტრანშეებში ყოველწლიურად 10 მლნ-მდე ნაყოფი მოჰყავთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანთა წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ. 1-2, თბ., 1978-1979;
- ლეკვეიშვილი ი., ბერაია ი., სუბტროპიკული კულტურები, თბ., 1965;
- ლეკვეიშვილი ი., ქსე, ტ. 11, გვ. 231, თბ., 1987